|
ინსტრუმენტებისხვა ენებზე
|
თბილისი
თბილისი (1936 წლამდე ტფილისი), საქართველოს დედაქალაქი; 1922-1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, 380-600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით - იერის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით - თრიალეთის ქედის განშტოებები. კოორდინატებით 41°43′N 44°47′E. ქალაქს 450 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.
[რედაქტირება] ისტორიალეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვოვნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. "თბილისი" - "თბილი" (ძვ. ქართულად "ტფილი") მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია. [რედაქტირება] დაარსებაარქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება ახ. წ. IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად. [რედაქტირება] დედაქალაქი
თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671
ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. [რედაქტირება] უცხოელთა გავლენაქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის მდგრადობა უშუალოდ დაკავშირებული იყო საქართველოს დედაქალაქის ბედთან. 570-580 წლებში ქალაქს სპარსელები ფლობდნენ. 627 წელს თბილისი დაარბია ბიზანტია-ხაზარების ლაშქარმა; 736-738 წლებში - არაბმა სარდალმა მარვან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ). ამიერიდან თბილისი ახლად წარმოქმნილი თბილისის საამიროს ცენტრი ხდება. 764 წელს ქალაქი ხაზარებმა დაარბიეს. 853 წელს თბილისში ხალიფას ხელისუფლების განმტკლიცების მიზნით დალაშქრა არაბმა სარდალმა ბუღა თურქმა. 1037-1051 წლებში მეფე ბაგრატ IV-მ არაერთხელ სცადა თბილისის დაკავება, მაგრამ ქვეყანაში არსებული არამყარი პოლიტიკური ვითარების გამო ეს შეუძლებელი გახდა.1045 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქის წარჩინებულთა - უხუცესთა საბჭოს ხელში გადავიდა. 1068 წელს თბილისის თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა დალაშქრა და დაიკავა. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან ქალაქს ისევ უხუცესთა საბჭოს მართავდა. [რედაქტირება] ქართული რენესანსი1122 წელს უცხოელთა ბატონობისაგან ქალაქი გაათავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა. გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფო დედაქალაქი ამიერიდან თბილისში გადმოიტანეს და მან სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო. XII-XIII საუკუნეებში თბილისი ეკონომიკურად ძლიერი, დიდი და კეთილმოწყობილი ქალაქი იყო, მისი მოსახლეობა 80 ათასს კაცს აღწევდა. განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა, შეიქმნა ამქრული გაერთიანებები, ვაჭართა საკრედიტო კომპანიები - ორთაღები, ჩამოყალიბდა მოსახლეობის განსაკუთრებული სოციალური კატეგორია - მოქალაქეები. კიდევ უფრო გაიზარდა ქალაქის ფარგლები, ვარაუდობენ, რომ მასში შედიოდა ქაშვეთის ეკლესია და ლურჯი მონასტერი. მის კედლებს გარეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეუბანი იყო დიდუბე. გაიზარდა ქალაქი მტკვრის მარცხენა მხარესაც; ისნის ციხეში იყო სამეფო სასახლე. ამ ეპოქის თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. ქართველი მეფეები ლოიალური პოლიტიკით ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ხალხისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა თანაცხოვრებას, რაც განაპირობებდა ქალაქის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სტაბილიზებას. თამარის მეფობის (1184-1213) პირველსავე წლებში თბილისის მოსახლეობის ზედაფენებში თავი იჩინა უფლებათა გაფართოებისაკენ მისწრაფებამ. ამ მიზნით მათ მოითხოვეს ახალი სამეფო საბჭოს (დარბაზის) ე. წ. "კარავის" დაწესება. [რედაქტირება] მონღოლთა შემოსევა1226 წელს თბილისი ჯალალედინის სარდლობით ხვარაზმელებმა დალაშქრეს; ქალაქი სასტიკად აოხრდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. XIII საუკუნის 40-იან წლებში მონღოლებმა აიღეს. მათ არ მოშალეს ქართული სახელმწიფოებრიობა. საქართველო მონღოლებზე დამოკიდებული ქვეყანა ხდებოდა, თბილისი კვლავ ქვეყნის ცენტრი იყო. 1259 წელს თბილისელები მეფე დავით VI ნარინის მეთაურობით აუჯანყდნენ მონღოლებს. 1260 წელს აჯანყდა მეფე დავით VII ულუ. ორივე აჯანყება გაჭირვებით ჩააქრეს. XIV საუკუნის 20-იანი წლებიდან - მონღოლთა ბატონობის გადაგდების შემდეგ, თბილისი კვლავ სრულიად საქართველოს დედაქალაქია. 1366 თბილისში გავრცელდა შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა. 1386 წელს თბილისი აიღო თემურლენგმა. საქართველოში მან 8 ილაშქრა, აქედან 2-ჯერ დაარბია იგი. ამ ლაშქრობების შემდეგ თბილისის საერთაშორისო მნიშვნელობა საგრძნობლად დაეცა. ალექსანდრე I დიდის მეფობის წლებში (1412-1243) დაიწყო ქალაქის აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ მიიყვანა გეგმა. გარეშე დამპყრობთა გამუდმებულმა თავდასხმებმა მოშალა ქალაქის ეკონომიკური ცხოვრება, პარტახდებოდა ქალაქის ცალკეული უბნები. 1444 წელს ქალაქი აიღო და დაარბია ქ. თავრიზის (ირანი) მფლობელმა ჯაჰან-შაჰმა; ამავე საუკუნის 70-იან წლებში თბილისი კვლავ სპარსელების ხელში იყო (უზუნ-ჰასანის ლაშქრობა საქართველოში). 1490 წელს, საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1522 წელს თბილისი სპარსელებმა აიღეს. 1524 წელს იგი მეფე დავით X-მ გაათავისუფლა. 1524-1541 წლებში ქალაქი მშვიდობიანად ვითარდებოდა. შეკეთდა ძველი და და აშენდა ახალი შენობები, იმატა მოსახლეობამ, გამოცოცხლდა ვაჭრობა და ხელოსნობა. 1541 წელს ქალაქი ააოხრა ირანის შაჰმა - თამაზ I-მა. 1578 წელს ჩილდირის ბრძოლაში ოსმალთა გამარჯვების შემდეგ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ოსმალთა გავლენას დაემორჩილა. თბილისი ახალი მტრის ხელში აღმოჩნდა. ქართლის მეფის სიმონ I-ის ცდა, გაეთავისუფლებიენა ქალაქი ჯერ სპარსი, შემდეგ ოსმალო დამპყრობთაგან, უშედეგო იყო. 1609 წელს თბილისის მოურავი გახდა გიორგი სააკაძე. XVII საუკუნის I მეოთხედში ირანის გამუდმებული აგრესიის პირობებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაინგრა. 1632-იდან, მას შემდეგ, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა. გამოცოცხლდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. ხელისუფლება გარკვეულ თანხებს გამოყოფდა ქალაქის კეთილმოწყობისათვის. 1700-თვის თბილისში 20 ათასი კაცი ცხოვრობდა. ქალაქის მცხოვრებთა ზედაფენას ქმნიდა ფეოდალური არისტოკრატია, მსხვილი ვაჭრები და სოვდაგრები, შემდეგ მოდიოდა ე. წ. მოქალაქეთა კატეგორია. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ნასყიდი, შეწირული და ნებიერი ყმები, ხიზნები და ქალაქის გლახაკნი. თბილისის უმაღლესი ხელისუფალნი იყვნენ მეფის მიერ დანიშნული მოურავი და მელიქ-მამასახლისი. თბილისის ყოფა-ცხოვრებაში გაჩნდა განსაკუთრებული ე. წ. ქალაქური კოლორიტი - ჩაცმულობით, გასართობ-სანახაობებით (ყეენობა, ბერიკაობა, ყაბახი). ქალაქის ცხოვრების თავისებურ იერს მატებდა თბილისის ბაზრები და გოგირდოვანი წყლების აბანოები, გარდა თავისი პირდაპირი დანიშნულებისა, ისინი წარმოადგენდნენ მოსახლეობის თავშეყრის, ახალი ამბების ურთიერთგაზიარების ადგილებს. დაარსდა სტამბა (1709), სადაც პირველად დაიბეჭდა "ვეფხისტყაოსანი". 1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, 1735 წელს კი ირანის შაჰმა ნადირმა აიღო. 1748 წელს იგი ერეკლე II-მ გაათავისუფლა. 1755 წელს ქალაქში დაარსდა ფილოსოფიის სემინარია. 1762 წელს თბილისი გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. XVIII საუკუნის 70-იან წლებში თბილისში იყო თოფხანა, ზარაფხანა, ქსოვილის სამღებროები, მარილის გამოსახდელი და თიხის ჭურჭლის საწარმოები. XVIII საუკუნის ბოლოს ჩნდება მანუფაქტურული საწარმოებიც. მაგრამ ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში კვლავ გაბატონებული იყო წვრილი ხელოსნური მეურნეობა. 1795 წელს თბილისი აიღეს და დაარბიეს ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის ჯარებმა (კრწანისის ბრძოლა 1795). [რედაქტირება] რუსეთის გავლენა1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი საქართველოს გუბერნიის ცენტრი გახდა, აქვე იყო კავკასიის არმიის მთავარსარდლის სადგომი. 1845 წლიდანთბილისი კავკასიაში რუსეთის მეფინაცვლის რეზიდენციაა. ქალაქის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. დაგეგმარდა მისი ცენტრალური უბნები, იმატა ევროპული ტიპის შენობების რაოდენობამ. სწრაფად განვიტარდა ქალაქის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება. სამრეწველო კაპიტალი თანდათან დევნიდა ადგილობრივ შინამრეწველურ წარმოებას. ბატონყმობის გაუქმებამ (1866), თბილის-ფოთის (1872), თბილის-ბათუმისა და თბილის-ბაქოს (1883) რკინიგზის გაყვანამ ახალი ბიძგი მისცა ქალაქის ეკონომიკურ აღმავლობას. გაიზარდა ფაბრიკა-ქარხნებისა და სავაჭრო-სახელოსნოების რიცხვი, საგრძობლად იმატა მუშათა რაოდენობამ. 1819 წელს თბილისში გამოვიდა პირველი პერიოდული გამოცემა - "საქართველოს გაზეთი", 1828-იდან - "თბილისის უწყებანი" (ქართულ და რუსულ ენებზე). 1850 წელს აღდგა ქართული თეატრი. [რედაქტირება] დამოუკიდებლობა 1918-19211917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ ქალაქი ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი იყო, რომელმაც 1918 წლის გაზაფხულზე ამიერკავკასიის ფედერაცია დააარსა დედაქალაქით თბილისში. სწორედ აქ, კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში, გამოცხადდა სამი ამიერკავკასიის ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის - დამოუკიდებლობა 1918 წლის 26-28 მაისს. მას შემდეგ თბილისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა 1921 წლის 25 თებერვლამდე. 1918 და 1919 წელს ერთმანეთს ჩაენაცვლა აქ გერმანიისა და ბრიტანეთის სამხედრო შტატები. ეროვნული მთავრობის ქვეშ თბილისი პირველი კავკასიური საუნივერსიტეტო ქალაქი გახდა 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ - ოცნება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განუხორციელებელი დარჩა იმპერიული რუსეთის მმართველობის პერიოდში. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკების წითელი არმიის მე-11 ქვედანაყოფი თბილისში შემოიჭრა მის შემოგარენთან მწვავე ბრძოლების შემდეგ და საბჭოთა მმართველობა გამოაცხადა. [რედაქტირება] გასაბჭოება1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბოლშევიკებმა დაამხეს და 1991 წლამდე თბილისი ჯერ ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რომელიც მოიცავდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს), შემდეგ კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. საბჭოთა მმართველობის პერიოდში თბილისის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქალაქმა ინდუსტრიალიზაცია განიცადა და საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცენტრი გახდა. 1980 წელს ქალაქში საბჭოთა კავშირში პირველი სანქციონირებული როკ-ფესტივალი ჩატარდა. თბილისი მოწმე გახდა მასიური ანტი-საბჭოთა დემონსტრაციების 1956 (ხრუშჩოვის ანტისტალინისტური პოლიტიკის გამო), 1978 და 1989 წლებში, რომლებიც პირველ და ბოლო შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლით ჩაახშო. [რედაქტირება] სსრკ დაშლის შემდეგსაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისმა მნიშვნელოვანი არასტაბილურობისა და მღელვარების პერიოდი გადაიტანა. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოკლე სამოქალაქო ომის პერიოდში ქალაქის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა და დაზიანდა. რამდენიმე წელი ქალაქი სხვადასხვა მაფიოზური კლანებისა და არალეგალური მეწარმეების კონფრონტაციის ადგილი იყო. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში (1993-2003) კრიმინალმა და კორუფციამ საზოგადოების თითქმის ყველა ფენა და საქმიანობის სფერო მოიცვა. უმუშევრობის მკვეთრი ზრდის გამო ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდა. ცხოვრება იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ 2003 წლის ნოემბერში მოსახლეობის დიდი ნაწილი პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა. მღელვარების ტალღამ, რომელიც დღეს ვარდების რევოლუციის სახელით არის ცნობილი, კულმინაციას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიაღწია კენჭისყრის შედეგების გაყალბების გამო, რაც საბოლოოდ შევარძნაძის მთავრობის გადაყენებით დასრულდა. 2003 წლიდან ქალაქში შედარებითი სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა შეიმჩნევა, შემცირდა კრიმინალი, თუმცა კვლავ მწვავედ დგას სიღარიბისა და დასაქმების პრობლემა. [რედაქტირება] განათლება, მეცნიერება, კულტურა
ძველი თბილისი ივან აივაზოვსკის წარმოსახვით
საუკუნეების მანძილზე თბილისი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცენტრი, არამედ ლიტერატურულ-კულტურული საქმიანობის მძლავრი კერაც. თბილისში განვითარდა ქართული სასულიერო მწერლობა და საერო ლიტერატურა, უმაღლეს დონეს მიაღწია ქართულმა სულიერმა კულტურამ. თბილისელ მწერლებს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოში მოღვაწე მწიგნობრებთან, მეცნიერებთან, ენერგიულად იღვწოდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის. თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას შეიძლება თვალი გავადევნოთ VIII საუკუნიდან, როდესაც აქ მოღვაწეობდა იოანე საბანისძე. განსაკუთრებით გაძლიერდა თბილისის ლიტერატურული ცხოვრება XII საუკუნეში, იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, სარგის თმოგველის, შოთა რუსთაველის მოღვაწეობის ხანაში. მომდევნო პერიოდში დაპყრობის მოძალების შედეგად თბილისის ლიტერატურული ცხოვრება შესუსტდა, მაგრამ XVI-XVII საუკუნეებიდან კვლავ იწყო გამოცოცხლება. XVIII საუკუნეში თბილისში მოღვაწეობდნენ სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ანტონ I, ბესიკი, საიათნოვა და სხვა. [რედაქტირება] XVIII საუკუნეთბილისში პირველი დაწყებითი ელემენტარული სკოლები შეიქმნა XVIII საუკუნეში ეკლესია-მონასტრებთან (სიონის, კალოუბნის, მეტეხის, ქაშვეთის, ანჩისხატისა და სხვა ეკლესიებთან). 1755 ანტონ I-ის ინიციატივით გაიხსნა თბილისის სემინარია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა განათლებისა და კულტურის განვიტარების ისტორიაში. 1778 წელს თბილისში დაარსდა რუსული ენის შემსწავლელი სკოლა[1]. ეს სკოლები განადგურდა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს. [რედაქტირება] XIX საუკუნეXIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში აღმავლობის პერიოდი დადგა. 20-40-იან წლებში აქ მოღვაწეობდნენ ქართველი რომანტიკოსები (ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი და სხვა). 40-იან წლებიდან საფუძველი ჩაეყარა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს (გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი, დ. ჭონქაძე და სხვა); 60-იან წლებში ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდნენ "თერგდალეულები" (ი. ჭავჭვაძე, ა. წერეთელი და სხვა), რომლებმაც უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს ქართული კრიტიკული რეალიზმი. 80-იანი წლებიდან თბილისში სხვადსხვა დროს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ვაჟა-ფშაველა, ალ. ყაზბეგი, ნ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, ე. ნინოშვილი, დ. კლდიაშვილი, შ. არაგვისპირელი, ი. ევდოშვილი და სხვა; 1894 წლიდან - პირველი მარქსისტული კულტურულ საზოგადოებრივი ჯგუფის "მესამე დასის" წევრები. 1917 წელს ქუთაისიდან თბილისში გადმოსახლდნენ ქართული სიმბოლისტური ჯგუფის წევრები - "ცისფერყანწელები". 1920-იანი წლების დასაწყისში აქ აღმოცენდა "აკადემიური მწერლობის კავშირი", "ფუტურისტ-ლეფელებისა" და "პროლეტარული მწერლობის", ხოლო 1927-1928 - "არიფიონის" ლიტერატურული დაჯგუფებანი. საქართველოს მწერალთა I და II ყრილობებმა (1926, 1928) საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა მწერლობის ერთიან ბანაკს (მწერალთა კავშირი). საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თბილისში გაიხსნა რამდენიმე სკოლა. 1802 წელს გაიხსნა პირველი საერო ორკლასიანი სკოლა, 1804 - თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, რომელიც 1830 წელს თბილისის პირველ გიმნაზიად გადაკეთდა, 1817 - თბილისის სასულიერო სემინარია და მასთან სასულიერო სასწავლებელი (1818). 1824 - ნერსესის სომხური სასულიერო სემინარია. 1836 - სამაზრო სასწავლებელი და თავად-აზნაურ ოფიცერთა მოსამზადებელი სამხედრო სკოლა. 1842 წელს თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, 1844 - სამხედრო მოსწავლეთა სკოლა თბილისის (კავკასიის) მესანგრეთა ბატალიონთან, 1846 - წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი, 1847 - ვაჟთა სამიჯნაო სკოლა. XIX საუკუნის 20-40-იან წლებში თბილისში იყო 18 კერძო სკოლა, უმთავრესად ვაჟთა და ქალთა პანსიონების სახით. 1860 "საქველმოქმედო საზოგადოებამ" თბილისში გახსნა პირველი ქალთა სკოლა ავლაბარში, 1862-1870 წლებში - 10 სკოლა, 1862 წელს - 4 უფასო სკოლა უღარიბესი მშობლების შვილებისათვის და 1866-1870 - კიდევ 5 სკოლა. 60-იან წლებში თბილისში გაიხსნა: ხატიანოვსკის ქალთა პანსიონი (1860), დავით ყიფიანის ვაჟთა პანსიონი (1862), სადაც ასწავლიდნენ გიმნაზიის პროგრამით, ხლამოვის ვაჟთა პანსიონი (1863), ფავრის ქალთა პანსიონი, ბიუს ვაჟთა პანსიონი, ჰაკესა და კანონიჩის ვაჟთა პანსიონი, ჟინიუს ვაჟთა და ქალთა პანსიონი, რომლის ბაზაზე მონასტირცევმა და ტერ-აკოფოვმა გახსნეს კერძო გიმნაზია, სადაც ასწავლიდნენ სახელმწიფო ნახევრად კლასიკური გიმნაზიის პროგრამით; 1864 შარლეს, ხოლო 1867 ფულკის ხელმძღვანელობით გაიხსნა 2 ფრანგული სკოლა. 1865 გაიხსნა თბილისის პირველი რეალური სასწავლებელი, იმავე წელს - თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, 1866 - ალექსანდრე II-ის სახელობის ვაჟთა თბილისის სამასწავლებლო სკოლა. 1879 წელს თბილისში "ღარიბ მოწაფეთა შემწე ტბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების" (1878) ინიციატივით გაიხსნა "სათავადაზნაური ქართული სკოლა" პანსიონით, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა (თბილისის ქართული გიმნაზია). 80-იან წლებში საქართველოში ფართოდ გაიშალა პროგრესული საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოძრაობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (დაარსდა 1878) თაოსნობით. ამ საზოგადოებამ 1880 წელს |